Monday, May 30, 2011

ტიტანთა სამეული

ლეონარდო ! რაფაელი ! მიქელანჯელო ! _ სწორუპოვარი სამეული !

სამივეს ცხოვრება და მოღვაწეობა წარიმართა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე. ენგელსის თქმით “ეს იყო საუკუნე, რომელიც საჭიროებდა ტიტანებს და რომელმაც შვა ტიტანები_აზრის, მისწრაფებისა და ხასიათის, მრავალმხრივობისა და განსწავლულობის ტიტანები”.

ლეონარდო და ვინჩი – 1452-1519 წწ. (გარდაიცვალა 67 წლის ასაკში)

რაფაელ სანტი – 1483-1520 წწ. (გარდაიცვალა 37 წლის ასაკში)

მიქელანჯელო დი ლიონარდო დი ბუონაროტი – 1475 წლის 6 მარტი -1564 წლის 17 თებერვალი. (გარდაიცვალა 89 წლის ასაკში)
ლეონარდო – მხატვარია და არქიტექტორი, მექანიკოსი და ინჟინერი, ანატომი და ბუნებისმეტყველი, მწერალი და მუსიკოსი. ეს უნივერსალური ადამიანი წვდება ხელოვნებისა და მეცნიერების ყველა დარგს. ვაზარის თქმით – ლეონარდო, ესაა ღვთიური მადლით სხივმოსილი გენია, რომელშიც ჰარმონიულად შეზავებულა მშვენიერება, გრაცია დანიჭი, ამიტომ რა მხარესაც შეეხებოდა, ყველგან ყოველივეს შუქი მოეფინებოდაო.

მიქელანჯელოც ხომ პირველია მხატვრობაში, ხუროთმოძღვრებაში, ქანდაკების ხელოვნებაში?! აგებს სამხედრო სიმაგრეებს, წერს ბრწყინვალე ლექსებს.

ლეონარდო უფრო რთულია, უფრო უნივერსალური, უფრო მრავალმხრივი…
მიქელანჯელო - უფრო ძალუმი, მრისხანე, მონუმენტური, დასრულებული…

ლეონარდოს ბრალსაც კი სდებდნენ იმაში, რომ მეტისმეტი მათემატიკური სიზუსტე შემოიტანაო ხელოვნებაში, მეტისმეტად მოუსვენარი და დაუდევარიაო, ყველაფერს ჰკიდბს ხელს და არაფერი მიჰყავს ბოლომდეო…
რაფაელი – რომელსაც პაპმა წმინდა პეტრეს ტაძრის შენებაც კი დააკისრა, ავტორია რომის პირველი არქეოლოგიური აღწერისა. სწორედ მასზეა ნათქვამი: სიცოცხლეში ღმერთებს ეშინოდათ არ გვაჯობოსო, სიკვდილის შემდეგ კი ჩვენც არ მოვკვდეთო.

ლეონარდოსა და მიქელანჯელოს უზენაესმა შემოქმედა წელთა სიმრავლე უბოძა რათა თავისი ძალა ეჩვენებინა, რაფაელს კი ეს სიკეთე დააკლო, ვაითუ გადამაჭარბოსო.

თუ ჰარმონიის გრძნობით ლეონარდოს ვერავინ შეედრება, მიქელანჯელო ძალის განსახიერებაა, რაფაელი კი, კეთილშობილური მშვენიერების ნაზი გენია, მართლაც რაფაელია!

No comments:

Post a Comment